31 აგვისტო 2026,   00:22
ვრცლად
"საერთო ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში პროექტებისთვის ჩავდებთ, 6 მილიარდ დოლარს შეადგენს" - Emaar ჯგუფის დამფუძნებელი

6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში - შეთანხმებას ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმდა.

დოკუმენტი საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

"ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ. შესაძლებლობა, რომელიც საქართველოსთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, თბილისსა და ბათუმში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას წარმოადგენს. დღეს, რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, დიდ პროექტებს არსებითი გავლენა აქვს ადგილობრივ ეკონომიკაზეც, ეს საშუალებას გვაძლევს გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი და ადგილობრივებიც დასაქმდნენ. ეს ინვესტიციები რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, კიდევ უფრო დიდ მოტივაციას აძლევს სხვა ინვესტორებსაც, რადგან ხედავენ, რომ საქართველოში შთამბეჭდავი პროექტები ხორციელდება. საერთო ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში პროექტებისთვის ჩავდებთ, 6 მილიარდ დოლარს შეადგენს", - აღნიშნა კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველი დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

 

 

დღის ამბები