31 აგვისტო 2026,   00:21
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები უნდა შეფასდეს ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით - უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბუდაპეშტშია. შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად უნგრეთის მთავრობის სასახლეში იმყოფება, სადაც წუთი-წუთზე დაიწყება სპიკერის პირისპირ შეხვედრა ვიქტორ ორბანთან - ამის შემდეგ გაიმართება დელეგაციების გაფართოებული ფორმატით მოლაპარაკება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს პარლამენტიდან, სადაც ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. იქამდე სპიკერებს შორის გაიმართა შეხვედრა, გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.

უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ლასლო კიოვერის განცხადებით, მათ ესმით ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

"ეს შეთანხმება სიმბოლურად გამოხატავს მეგობრობას, ერთობლივ თანამშრომლობას და საერთო მიზნებს, რომელთა მიღწევას მომავალში ვგეგმავთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მხარს დავუჭერთ მის განვითარებას ქვეყნის უფლებების პატივისცემით. როგორც ეროვნული სუვერენიტეტის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ზომა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა საქმეებში და ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში ჩარევა მიუღებელია. ჩვენ გვესმის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. ჩვენც ვაწყდებით იგივე გამოწვევებსა და თავდასხმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები და არა მხოლოდ კანდიდატები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები უნდა შეფასდეს ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით. ჩვენ გარედან ვხედავთ საქართველოს შიდა განვითარებას, მყარ ეკონომიკურ ზრდას და გაძლიერებას. მთავრობის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო მიაღწევს მიზანს ათწლეულის ბოლომდე და გახდება ევროკავშირის წევრობის ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში. მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და მხარი დავუჭიროთ მის მცდელობებში", - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლასლო კიოვერიმ.

დღის ამბები