31 აგვისტო 2026,   21:38
ვრცლად
ოპოზიციის წერილი ევროსაბჭოში - "ქართული ოცნება" ოპონენტების განცხადებებსა და ქმედებებს ანტიქართულს უწოდებს

ბრიუსელის შემდეგ სტრასბურგი - ოპოზიცია ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლობისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც დელეგაციაში საკუთარ კვოტებზე უარს ამბობენ, ევროსაბჭოსგანაც ითხოვენ, უარი თქვან, მათ გარეშე დაკომპლექტებული შემადგენლობის ლეგიტიმაციის აღიარებაზე. ოპოზიციის მოთხოვნა ოფიციალურად ჯერ დაინიცირებული არ არის.

დელეგაციის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მმართველი გუნდი პარტნიორებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა შესაბამის კონტრარგუმენტს წარუდგენს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტის მიზეზი ზამთრის სესიის გახსნაა, რომელსაც ასამბლეის წევრი საქართველო უკვე 25 წელია ესწრება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს დელეგაციის მანდატის არაღიარების მოთხოვნით, ბარიერგადალახულმა სუბიექტებმა, წერილობით, რამდენიმე კვირის წინ მიმართა. ხელისუფლების ოპონენტები ახლა აპირებენ, რომ ანალოგიური გზავნილი სტრასბურგში უკვე თავად ჩაიტანონ. შეხვედრებს გეგმავენ იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებთანაც მათ პარტნიორული კავშირები აქვთ.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საკითხის ინიცირების შემთხვევაში საპარლამენტო ასამბლეა გადაწყვეტილებას მხოლოდ ოპოზიციის აღქმების საფუძველზე არ მიიღებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები დელეგაციისთვის მანდატის შეჩერებას იმ ანტიქართული კამპანიის ფარგლებში ითხოვენ, რომელიც მანამდე ვიზალიბერალიზაციასა და კანდიდატის სტატუსის არმიღებას უკავშირდებოდა.

ოპოზიციური პარტიები ევროსაბჭოსგან ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის აღიარებასაც ითხოვენ. ოფიციალურ წერილში საუბარია ახალ არჩევნებზეც.

საკითხის განხილვას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 20-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს - მათი უმრავლესობა "ევროპის სახალხო პარტიას" და ალდეს პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს.

 

 

 

დღის ამბები