22 ივნისი 2026,   07:06
ვრცლად
მშვიდობის ფორმულა ამერიკის 47-ე პრეზიდენტისგან - მეორე ვადით არჩეული ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივაზე კიდევ ერთხელ საუბრობს

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, მოსკოვის ტონიც შერბილდა. 4 წლის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების პესრპექტივაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

შეერთებულ შტატებთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის ვლადიმერ პუტინიც. როგორც კრემლის ლიდერი ამბობს, ტრამპს მაშინ შეხვდება, როცა ახალ ადმინისტრაციას ამ აუდიენციის სურვილი ექნება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში კრიზისის თავიდან აცილება, ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე შესაძლებელი იქნებოდა.

ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ პუტინი ომის შეწყვეტას არ აპირებს. ზელენსკის განცხადებით, კრემლის ლიდერის მიზანია, მანიპულაციური გავლენა მოახდინოს ტრამპის სურვილზე - მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს.

რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში ჩინეთის როლზე, დონალდ ტრამპის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყებაში განმარტავენ, იმისთვის, რომ ომი მალე დასრულდეს, მზად არიან, მხარეებთან კომუნიკაცია გააგრძელონ. მაო ნინგი ამბობს, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა სწორედ დიალოგია.

ბოლო რამდენიმე თვეში დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში ომს ძალიან მალე დაასრულებს. ბევრჯერ გააკრიტიკა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტიც.

თეთრ სახლში რამდენიმე დღის წინ მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში დგას. სად და როდის გაიმართება აუდიენცია, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

დღის ამბები