22 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკა კაციაზე: ბრალდებული სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით - მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ნიკა კაციას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ მისი უფლებები არ იზღუდება.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.

მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, აქტივისტმა თათი მელიქიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულ ნიკა კაციას "ციხეში აწამებენ". "უკანონოდ დაკავებულ ნიკა კაციას, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს, ციხეში აწამებენ, გუშინ მის პროცესს ვესწრებოდი და გავიგეთ, რომ საკვები თურმე მაშინ “თავდება” როცა ნიკას ჯერია, მის ბარათს კი თანამესაკნე უკანონოდ იყენებს", - დაწერა მელიქიშვილმა სოციალურ ქსელში.

დღის ამბები