საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს. დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიას გადაეგზავნა, ეკონომიკის მიმართულებით არსებული პროგრესია ასახული. "ეკონომიკური რეფორმების პროგრამა", რაც 2025-2027 წლებს მოიცავს, ევროკომისიის მეთოდოლოგიის მიხედვით, მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან ჩარჩოს წარმოადგენს. ეკონომიკის მიმართულებით ევროკომისიისთვის წარდგენილ მკაფიო ხედვაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი.
დოკუმენტში 2024 წლის 14 მაისს, ევროკომისიის მიერ მიღებული ერთობლივი დასკვნების ფარგლებში, კანდიდატი ქვეყნებისათვის გაცემული რეკომენდაციებია ასახული. პროგრამის ანალიზი 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-28 წლების მონაცემების საფუძველზე მომზადდა.
მთავარი დოკუმენტის მომზადების პროცესში, გათვალისწინებული იყო სტრუქტურული რეფორმების ნაწილიც. საუბარია "ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიასა" და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაზე. ერთ-ერთი მიმართულება, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვაა. რეფორმები კონკურენტუნარიანობის გაზრდას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებასა და მიწის ბაზრის მართვას უკავშირდება. დოკუმენტში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული ვითარებაც აისახა.
რეკომენდაციების შესრულებაზე, ორი მიმართულებით მუშაობდა ეროვნული ბანკი. უწყებამ დავალებები მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კუთხით შეასრულა. ბანკში ამბობენ, რომ 2023 წლის დასაწყისიდან, საქართველოში ინფლაციის დონე, სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია.
ევროკომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც 2025-2027 წლებში ეკონომიკური რეფორმების მიმართულებას ითვალისწინებს, ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.