წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოდაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა, რამდენიმე თვეში გაირკვევა. მანამდე კი ამერიკის კინოაკადემიამ ნომინანტების სია გამოაქვეყნა. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ოსკარის 97-ე ცერემონიაა. ფრანგი კინორეჟისორის, ჟაკ ოდიარის მუსიკალურმა კომედიამ “ემილია პერესმა” 13 ნომინაცია დაიმსახურა. ფილმი 2025 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა და 4 ჯილდო მოიპოვა. ახლა კი კინოსურათი ოსკარისთვის იბრძვის.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოსთვის იბრძოლებს ოსკაროსანი ედრიან ბროუდი. პირველი ოსკარი მან ყველაზე ახალგაზრდა ასაკში, 29 წლისამ, ფილმისთვის "პიანისტი" 2002 წელს მიიღო. ამჯერად, ედრიან ბროუდი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე წარდგენილია ფილმისთვის "ბრუტალისტი". ეს ფილმი კიდევ 10 ნომინაციაზეა წარდგენილი. კინოსურათი ომს გამოქცეულ არქიტექტორზე მოგვითხრობს, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაზე წარდგენილთა შორის ასევე არიან: რალფ ფაინსი ფილმისთვის "კონკლავი", ტიმოთე შალამე ფილმისთვის A Complete Unknown, კინოსურათი ბობ დილანის მუსიკალური ცხოვრების შესახებ გვიყვება.
45 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, პირველად არის წარდგენილი ოსკარზე 62 წლის დემი მური - ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისათვის "სუბსტანცია". ამავე კინოსურათისთვის, მსახიობს პირველი ოქროს გლობუსი წელს უკვე გადაეცა.
კიდევ ერთი მიუზიკლი, რომელიც ნომინაციის რაოდენობით ლიდერობს "ალქაჯია" - 1968 წლის "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ, წელს პირველად, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ორი მიუზიკლია ნომინირებული "ემილია პერესი" და "ალქაჯი".
საუკეთესო დოკუმენტურ, უცხოენოვან და მოკლემეტრაჟიან ფილმებთან ერთად ოსკარზე წარდგენილია ანიმაციური სურათებიც. "თავდაყირა 2" - ოსკარის მოსაპოვებლად სხვა 5 ანიმაციასთან ერთად იბრძოლებს.
წლევანდელი კინოაკადემიის დაჯილდოებას ცნობილი ამერიკელი წამყვანი და კომიკოსი კონან ო’ბრაიენი გაუძღვება.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოდაჯილდოების ჩატარების ადგილი უცვლელია - ლოს ანჯელესი და "დოლბის" თეატრი. 2025 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2 მარტს გაიმართება.