ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში მოსწავლეებისთვის ახალი სემესტრი სკოლის სრულად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო. საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი - სკოლის განახლების მნიშვნელობაზე საუბრობენ მოსწავლეების მშობლები და პედაგოგები.
ზეინდარში სკოლის რეაბილიტაცია 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო, დასრულებულ სამუშაოებს დღეს პრემიერ-მინისტრი გაეცნო. ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ სივრცეში დაწყება მიულოცა.
მანამდე, მთავრობის მეთაური განათლების მინისტრთან ერთად, ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა. აქ შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსწავლეები რამდენიმე კვირაში, საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. სასწავლო დაწესებულება უმაღლეს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განათლების მინისტრი ამბობს, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყების მთავარი პრიორიტეტია
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს მთავრობის მეთაურიც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სკოლების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროცესს საქართველოს მთავრობა სრულად დაუჭერს მხარს.
მხოლოდ ამ სემესტრში, ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი განახლებული ინფრასტრუქტურით 10 საჯარო სკოლაში დაიწყო.