საქართველოს დელეგაცია, სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე დასასწრებად მიემგზავრება, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია - სწორედ ასე უწოდებს მმართველი პარტია ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე დაინიცირებულ საკითხს. საუბარია, ევროსაბჭოში ბარიერგადალახული პარტიების მიერ გაგზავნილ წერილზე, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო ასამბლეისგან ითხოვენ - არ ცნონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება. "ქართულ ოცნებას" მსგავსი ინიციატივები არ უკვირს და ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის ინტერესებს კონკრეტული ძალების გავლენების გამო აზიანებს.
გახარიას პარტიის გარდა ევროსაბჭოში ერთობლივი წერილი გაგზავნა სამმა პოლიტიკურმა ძალამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ძლიერმა საქართველომ" და კოალიციამ "ცვლილებებისთვის". ყველას მოთხოვნა იდენტურია - საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები და საპარლამენტო ასამბლეაში არ მოხდეს საქართველოს დელეგაციის მანდატის აღიარება.
რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, როდესაც გასული არჩევნების გაყალბება ვერცერთი ფაქტით ვერ მტკიცდება? - ეს კითხვა მმართველ პარტიას ახლა უკვე იმ პარტნიორებთან აქვს, რომელთაც დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი უნდა განიხილონ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკურ აღქმებს ეფუძნება, თავად ევროპის საბჭოს იმიჯზე აისახება.
ანტიქართულს უწოდებს ინიციატივას პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძის თქმით, დელეგაციისთვის მანდატის შეჩერებას, მით უმეტეს პრორუსულობის საბაბით, არანაირი საფუძველი არ აქვს.
საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დღის წესრიგშია და მას 20-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს - უმრავლესობა ევროპის სახალხო პარტიას და "ალდეს" პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს. ოპოზიციის მოთხოვნის ინიციირება სტრასბურგში სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება.