28 აგვისტო 2026,   01:50
ვრცლად
"ნაცმოძრაობის რამდენიმე ლიდერი გასამართლებული ჰყავთ, არ ვიცი, ალბათ თავიდან აპირებენ ამ ხალხის გასამართლებას" - პაატა მანჯგალაძე

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლების მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბრალდებები აბსურდულია.

რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება და რომელიც 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი მუშაობაში არ ჩაერთვებიან. როგორც ისინი ამბობენ, კომისია არალეგიტიმური იქნება.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პროპაგანდაზე საუბრობს.

"ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ეს არის ე.წ. რბილი ძალა. 12 წელი გავიდა და ახლა ეუბნებიან ხალხს, რომ ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, რომ ვიღაცებს გავასამართლებთ თავიდან. ნაცმოძრაობის რამდენიმე ლიდერი გასამართლებული ჰყავთ, არ ვიცი, ალბათ თავიდან აპირებენ ამ ხალხის გასამართლებას," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლანა გალდავა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია და იქ ჩატარებული ნებისმიერი პროცესი არის არალეგიტიმური.

"საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, არალეგიტიმურ პარლამენტში ნებისმიერი პროცესი არის არალეგიტიმური. რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციის წევრების გასამართლებას, ეს არის უბრალოდ ცირკის დადგმის ახალი მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, არის მათი პროპაგანდისტული ხასიათის კიდევ ერთხელ დადგმული სცენარი," - აცხადებს ლანა გალდავა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

დღის ამბები