"ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, რადგან ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება, საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, რადგან ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. როგორც ეს არის საერთოდ ტრადიცია, საპარლამენტო რესპუბლიკების ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. ჩვენ ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის. შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას იქნება გამოყენებული ზუსტად ეს ეგზემპლარი.
ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
იმისთვის, რომ იყოს ერთიანი ტრადიცია, ჩვენ დავადგინეთ, ის რაც არის ზოგადი ევროპული ტრადიცია. ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, კერძოდ, სხდომათა დარბაზში. ეს არის დამკვიდრებული წესი და ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკებში. სულ ახლახან ჩატარდა მოლდოვის პრეზიდენტის ინაუგურაცია, იქაც ზუსტად, პარლამენტის წევრების მონაწილეობით იყო ცერემონია. ზუსტად ასე იმართება გერმანიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, პოლონეთში, ავსტრიაში. სადაც საპარლამენტო და მათ შორის, არასაპარლამენტო ქვეყნებშიც, მაგალითად უკრაინაში, რადას სხდომათა დარბაზში იმართება ინაუგურაცია," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სამი დღე დარჩა. მიხეილ ყაველაშვილი ფიცს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დადებს. ღონისძიება 11 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ცერემონიისთვის საგანგებოდ დამზადდა კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი. 29 დეკემბერს სპეციალური აკრედიტაციით იმუშავებს მედიაც.