31 აგვისტო 2026,   04:24
ვრცლად
აშშ სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება - რა უპასუხა ბრიტანულ-ამერიკულ სანქციებს მთავრობამ და რატომ დაიბარეს ინგლისის ელჩი საგარეო უწყებაში

ამერიკის შეერთებული შტატები, შინაგან საქმეთა მინისტრსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ფინანსურს სანქციებს უწესებს. სახაზინო დეპარტამენტმა, ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე გლობალური "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა, რაც ფინანსურ ტრანზაქციებში მონაწილეობის, ასევე შემოწირულობების მიღების და გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა საპროტესტო აქციებს არაპროპორციული ძალით უპასუხა, დასანქცირებული პირები კი მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობდნენ.

ვახტანგ გომელაური დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ინფორმაცია ვიცე-პრემიერად მისი დანიშვნის შესახებ დილიდანვე გავრცელდა. ამ საკითხზე, მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დაწინაურება დღის წესრიგში იდგა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა. პრემიერმა ბრიფინგზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უსამართლო და ანტიქართული უწოდა და თქვა, რომ სანქცირებულ პირებს სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ კომპენსირებას გაუწევს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შტატების მოქმედი ადმინისტრაციის უსამართლო სანქციების უკან ე.წ. დიფ სთეითის არაფორმალური გავლენები იკვეთება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკას დეოლიგარქიზაცია სჭირდება, რაზეც მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპიც ხშირად საუბრობს.

ვაშინგტონის ნაბიჯი დიდ ბრიტანეთთან იყო კოორდინირებული. სწორედ შტატების გადაწყვეტილებამდე გამოცხადდა გაერთიანებული სამეფოს სანქციები, რომელიც ვახტანგ გომელაურთან ერთად მის მოადგილეს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ხარაზიშვილსა და პოლიციის კიდევ 2 მაღალჩინოსანს დაუწესდა. ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩი დღეს საგარეო უწყებაშიც დაიბარეს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ლონდონის გადაწყვეტილება არაობიექტური უწოდა და შეშფოთება გამოთქვა. ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატს განუმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას.

პარტნიორების კოორდინირებულ ქმედებას სამართლიანს და ობიექტურს უწოდებენ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ სანქციები საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან ერთად ოპოზიციის ძალისხმევის შედეგიცაა.

მმართველი პარტიის შეფასებით, შტატების მორიგი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაბარებამდე ცდილობს, საქართველოსთან ურთიერთობა მეტად დააზიანოს და ტრამპის მთავრობას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს. ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ ვითარება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლება.

ფინანსური სანქციების პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებსაც უწესებს.

 

დღის ამბები