28 აგვისტო 2026,   03:56
ვრცლად
"მე შევხვდი ევროპული საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან, კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია" - სალომე ზურაბიშვილი

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის გზავნილებს ოპოზიციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მისი დელეგაცია გაუგებრობაში არიან და კარგად არ ესმით ქვეყანაში არსებული სიტუაცია.

ზურაბიშვილის შეფასებით, გაჟღერებული წინადადება სამუშაო ჯგუფის შექმნისა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონში ცვლილებების შესახებ, ორგანიზაციის უფლებებს და მოვალეობას სცდება.

"მე შევხვდი ევროპული საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან. კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როდესაც წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს როდესაც რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში. ანუ, ძალადობა ხალხის მიმართ და ყველა უფლებების შეზღუდვა. ამის გაპროტესტება და დაგმობა არის, ალბათ, პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის. სამაგიეროდ, გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას ძალიან ნათლად ავუხსენი, რომ მათი არც მანდატი, არ მოვალეობა და არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ, ყველასგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან. მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა ან არ შეცვლა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანამდე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციამ გააკრიტიკა. "დაჯექი ორიანი", "შარლ მიშელი 2 არ იქნება", "ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში", - ასეთია სოციალურ ქსელში ოპოზიციური კოალიციების ლიდერების სტატუსები.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ხელისუფლების ლეგიტიმაციის დადასტურებამ და პოზიტიურმა შეფასებებმა გააღიზიანა.

დღის ამბები