სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით დაგეგმილ არეულობის სცენარზე საუბრობს, მეორე დღეა შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიცია თვლის, რომ უსაფრთხოების სამსახური დემონსტრანტების დაშინებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიზანია, დემონსტრანტები დააშინოს.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ეს მეთოდები აქციის მონაწილეებს ვერ შეაშინებს.
"ცნობილი ნარატივებით ემუქრება მშვიდობიან დემონსტრანტებს და როცა არაფერმა არ გაჭრა, არც დაკავებებმა, არც ცემამ, არც წამებამ, არც არაადამიანურმა მოპყრობამ, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ახლა ასეთი მუქარის ფორმა შეარჩიეს, თუმცა ესეც ვერ გატეხავს პროტესტანტებს და ვერ დააშინებს მათ," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები უსაფრთხოების სამსახურისგან ხშირად ისმის.
"ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ დააშინონ ხალხი, ავრცელებენ მორიგ ბოდვას. ასეთი განცხადება სუსისგან გვაქვს წაკითხული რამდენი. არაფერი მსგავსი არ ხდება, ერთადერთი მიზანი რაც არის, რომ ხალხი შეაშინონ რომ გამოვიდნენ რუსთაველზე, რომ თურმე შეიძლება ვიღაცას ესროლო," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.