ძალადობის პრევენციისა და კანონდამრღვევების იდენტიფიცირების მიზნით, მმართველ გუნდს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს. კანონპროექტით, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს, შეკრების ადგილებში სხვადასხვა საშუალების გამოყენებით სახის დაფარვა აიკრძალება.
მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ახალ რეგულაციებით ხელისუფლება საპროტესტო მუხტის განელებას ცდილობს, საკითხის ინიციატორები კი განმარტავენ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა რეგულაციების მიღების აუცილებლობა აჩვენა.
სახელისუფლებო გუნდის წევრების განმარტებით, აქციაზე ძალადობრივი ქმედებები, ძირითადად, იმ პირების მხრიდან ხორციელდება, რომლებსაც სახე ნიღბებით აქვთ დაფარული, ახალი კანონის მიღებას კი პრევენციული ხასიათი ექნება.
აქციებსა და შეკრებებზე სახის დაფარვის წინააღმდეგ, კანონმდებლობის კუთხით, მსოფლიოში სხვადასხვა გამოცდილება არსებობს. მაგალითად, ავსტრიაში დემონსტრაციების დროს ნიღბის ტარება იკრძალება, კანონის დარღვევა კი, პირველ ჯერზე, 6 თვით, განმეორებით შემთხვევაში -კი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გერმანიაში საჯარო თავყრილობებზე, მათ შორის დემონსტრაციების დროს, სახის დაფარვა აკრძალულია. კანონის დარღვევისთვის, აქაც, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, აქციის ის მონაწილეები, ვისი იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდება, შესაძლებელია 30 000 ევროთი დაჯარიმდნენ. შვედეთში დემონსტრანტებს ეკრძალებათ, სახის იმგვარად დაფარვა, რომ მათი იდენტიფიცირება გართულდეს. აკრძალვა ეხება არა მხოლოდ აქციებს, არამედ ისეთ შეკრებებსაც, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ამ შემთხვევაში, კანონი არ უშვებს გამონაკლისს რელიგიური შეხედულებების გამო.