პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ქუჩაში ვითარების ესკალაციის გეგმა ჩაუვარდა. ირაკლი კობახიძემ, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შეფასების დროს, კიდევ ერთხელ თქვა, რომ ოპონენტებს პროცესების ე.წ. მაიდნის სცენარით წარმართვა არ გამოუვიდათ. კობახიძემ დღეს დედაქალაქის ცენტრალური გამზირისა და პარლამენტის შენობისთვის მიყენებულ ზარალზეც ისაუბრა და თქვა, რომ აუცილებელია, ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს.
აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და მომიტინგეების ქმედებას ხელისუფლების პოლიტიკაზე ადექვატურ პასუხად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. დემონსტრაციების ფორმაზე განსხვავებულია გახარიას გუნდის შეხედულება. პარტიაში დღეს ამტკიცებდნენ, რომ მათთვის ყველა ძალადობრივი გზა მიუღებელია.
საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველოს ევროინტეგრაციაზე უარი არ უთქვამს - ასეთია მმართველი გუნდის ლიდერების პოზიცია. პოლიტიკოსების თქმით, ოპონენტების მიზანი მხოლოდ რევოლუცია იყო, თუმცა ქართულმა სახელმწიფომ სიმტკიცე კიდევ ერთხელ აჩვენა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დროა, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში დაბრუნდეს, ქუჩის პროტესტმა კი დემოკრატიული სახე მიიღოს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრემიერმა, ტრადიციულად, სოლიდური დრო დაუთმო ტერმინი ლიბერალური ფაშიზმია. პრემიერის თქმით, ამ იდეოლოგიასთან ბრძოლა, მომდევნო წლებში, სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტი იქნება. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან სამომავლოდ ყოველგვარი კოჰაბიტაციაც გამორიცხა.
თბილისში საპროტესტო აქციები უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს. ქუჩაში საზოგადოება მას შემდეგ გამოვიდა, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მოთხოვნას საკუთარი ინიციატივით აღარ დააყენებს.