ალექსანდრე ელისაშვილი დაკავებულია. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, პოლიტიკოსი კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან თავს დაესხა "ქართული ოცნების" წევრს, ალი ბაბაევს. უწყების ცნობით, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პარტიული შეხედულების გამო მიაყენა.
დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ალეკო ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია და შესაძლოა მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვოს.
რაც შეეხება ბრალს, ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
"მას ბრალად ედება ალი ბაბაევისთვის ზიანის მიყენება. რეალური ფაქტი ნამდვილად არის სხვა და ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, ეს ქმედება იყო ალეკო ელისაშვილის მხრიდან თავდაცვითი", - აცხადებს ადვოკატი.