23 ივნისი 2026,   10:37
ვრცლად
ომის დაწყებიდან უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა

გაეროს მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანით, ანუ დაახლოებით ერთი მეოთხედით შემცირდა. ეს, ქვეყნიდან ლტოლვილთა გადინების, შობადობის შემცირებისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული მოსახლეობის გამო მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი  შეჭრის შედეგად, რთული დემოგრაფიული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბაუერის განცხადების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, უკრაინაში შობადობის მაჩვენებელი ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

იმისთვის, რომ უკრაინამ მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობა შეინარჩუნოს შობადობის დონე ერთ ქალზე მინიმუმ 2.1 ბავშვი უნდა იყოს.

უკრაინის მოსახლეობის შემცირების ყველაზე დიდი წილი ლტოლვილებზე - 6,7 მილიონი მოდის. 

ბაუერის თქმით, იმისათვის რომ  უკრაინის მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა მოხდეს, საჭიროა ომის დასრულება. 

ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, რომლის მოსახლეობაც ომამდე 140 მილიონს აღწევდა, უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ასევე სერიოზული დემოგრაფიული დანაკარგები განიცადა. რუსეთში, მიმდინარე წლის 6 თვეში, 1999 წლიდან მოყოლებული, დაფიქსირდა შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც თავად რუსეთის ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც - "კატასტროფული“ მაჩვენებელი. 

დღის ამბები