უკრაინაში ომი გრძელდება. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, დარტყმა ავიაბომბებით ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვში ხუთ ადგილას განახორციელეს. დაიბომბა 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაღუპულია 5 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 97-ია. პარალელურად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაშავდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უკრაინის იერიშის შედეგად.
უკრაინელმა სამხედროებმა, კურსკის ოლქში გარკვეულ მიმართულებებზე წინ წაიწიეს და ხუთი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ბოლო 24 საათში რუსულმა ჯარებმა 1369 ჯარისკაცი დაკარგა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა "ცენტრს" ხელმძღვანელობდა.
ზელენსკი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები სამეთაურო დონეზე უნდა გაძლიერდეს.
"გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩვენი ყველა სამხედრო მფრინავის, ინჟინრის, მობილური საცეცხლე ჯგუფების მეომრების, საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველასი, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის – შედეგისთვის. ეს საჭიროა ასევე სამეთაურო დონეზეც. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და დავიცვათ ხალხი. დავიცვათ პირადი შემადგენლობა. დავიცვათ ჩვენი ყველა მეომარი,"- განაცხადა ზელენსკიმ.