23 ივნისი 2026,   11:52
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - ირანისგან ისრაელის მიმართ მორიგი მუქარა ისმის

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ისრაელმა ირანისგან მორიგი მუქარა მოისმინა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი ისრაელზე დარტყმის განხორციელებას მოკავშირეებთან ერთად გეგმავს.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. მედიის ინფორმაციით, ისრაელი ირანისგან დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში, წინმსწრები დარტყმის განხორციელებასაც განიხილავს.

შექმნილ ვითარებას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება. დიპლომატი მხარეებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და კატასტროფის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები, რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ისრაელს დაიცავს.

"კონფლიქტის განმავლობაში ესკალაციის რისკი განსაკუთრებით მაღალი იყო. ახლა ზუსტად ამგვარი მომენტია. ამიტომაც, რასაც ახლა ვაკეთებთ სახელმწიფო მდივანი და დეპარტამენტი ისაა, რომ რეგიონში ყველა შესაბამის მხარესთან კავშირი გვაქვს. მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ესკალაცია ჩვენი ინტერესი არ არის. ჩვენი დიპლომატიური არხების გამოყენებით, თანმიმდევრულ სიგნალს ვაგზავნით, რომ ირანის მთავრობას შევატყობინოთ, რომ ესკალაცია არაა მათი ინტერესი და ჩვენ ისრაელს დარტყმებისგან დავიცავთ,“ - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი.

დღის ამბები