რატომ არის აუცილებელი კომფორტის ზონიდან გამოსვლა - თემაზე "რუსთავი 2"-ის ეთერში სპიკერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ბედნიერება მხოლოდ ახალი მწვერვალის დაპყრობის პროცესში მოდის და სწორედ ამიტომაა საჭირო კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალ, დიდ მიზანზე ფოკუსირება.
"ადამიანმა უნდა განიცადოს ბედნიერება და ბედნიერება არის მიღწევაში. ჩიკსენტმიჰალი არის "ფლოუს თეორიის" ავტორი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერების ერთადერთი სახეობა არსებობს და ეს არის მწვერვალის დაპყრობა - პირად ურთიერთობაში იქნება ეს მწვერვალი, პროფესიულში, ჯანმრთელობის კუთხით თუ ა.შ. ძალიან ძნელ რამეს რომ დაისახავ და მიაღწევ, იქ არის ბედნიერება. ოღონდ, მწვერვალზე კი არ ყოფილა ბედნიერება, არამედ თითქმის რომ გამოჩნდა მწვერვალი, "მგონი, გამოდის" - ხომ იცით ეს ემოცია, ეს არის ბედნიერება. ეს "მგონი, გამომდის" არ იქნება, თუ არ იქნა მწვერვალი. გუშინ რაც გამოგდიოდა და გუშინწინაც, იმას ვერ მოჰყავს ბედნიერება. ამიტომ ტკივილისა და ოპტიმიზმის კომბინაცია არის ამის ინდიკატორი. შემდეგი მწვერვალი არის შორს. ახლოს თუა, ის შემდეგი მწვერვალი არ არის, ის ამ მწვერვალის ნაწილია. შენ თუ მაგ სკამზე ზიხარ და გვერდითა სკამზე გინდა გადაჯდე, ის მწვერვალი არაა და ბედნიერებას ვერ მოიტანს. " - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.
სპიკერის თქმით, კომფორტის ზონაში ყოფნის მთავარი ინდიკატორები მოწყენილობა და უხალისობაა, სადაც ბედნიერების ადგილი არ რჩება.
"გვეუბნებიან, რომ გაჩერებას მოჰყვება მოწყენილობა, ხოლო მოწყენილობას - აპათია. მოწყენილობა ასეთი გრძნობაა - თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რაღაც არ ვარ მთლად ისეთ "ენერგიაზე". თქვენ მოგიწევთ, რომ ცეცხლი დაანთოთ და მერე ჩააქროთ, რომ ბედნიერად იყოთ. ხანდახან არის, რომ სამსახურში ცეცხლის დანთების თავი არ გაქვთ, რადგან პირად ცხოვრებაში ანთია ცეცხლი, ან პირიქით - პირად ცხოვრებაში არაფრის თავი არ გაქვთ, რადგან სამსახურში ანთია ცეცხლი. ცეცხლი სადღაც თუ არ ანთია და შენ თუ ცეცხლს არ აქრობ, მაშინ შენ არ გადადიხარ შენი პიროვნების "შემდეგ ტურში", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ "დილა მშვიდობისა - საქართველო" -ს ეთერში.