საბოტაჟი, საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციის შელახვა და დეოკუპაციის პოლიტიკის დაზიანება - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძის აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობს. პროკურატურა, პატიმრობას ითხოვს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება მტრული და ანტისახელმწიფოებრივია, რის გამოც საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯია:
"ბარამიძემ წამოიწყო ძალიან ბინძური კამპანია, რაც შემდეგ გააგრძელა ბატონმა ნიკა გვარამიამ, ქალბატონმა სამადაშვილმა და დააგვირგვინა ბატონმა სააკაშვილმა. ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება. ერთი მხრივ ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირების, ვინც იბრძოდა აფხაზეთის ომში და მეორე მხრივ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და ძალიან კარგია ზოგადად, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა,"- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ბარამიძის დაკავება, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ქართველი სამხედროები, აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტყვეთა დახვრეტაში დაადანაშაულა. პროკურატურაში ითქვა, რომ ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა.