საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის ფორმალური ნაწილი დაიწყო. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. ადგილზე აქციის ორგანიზატორები მომიტინგეებს სიტყვით მიმართავენ.
მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის გათენებას აპირებენ, ვინაიდან ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და ეცდებიან, სხდომის ჩატარებას ხელი შეუშალონ.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. პარლამენტის შესასვლელებთან ამ ეტაპზე სამართალდამცველების მცირე რაოდენობაა მობილიზებული. მანამდე, სამართალდამცველებმა პარლამენტის ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.
აღსანიშნავია, რომ თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან.