22 აგვისტო 2026,   16:20
ვრცლად
პროკურორის თქმით, უჩა აბაშიძისა მისი მეუღლის ბრალდების საქმეზე გამოძიების მიერ აუდიო-ვიდეომასალის გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა, საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალა განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირის ჩაწერას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება აუდიო და ვიდეომასალას, აღნიშნული განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით," - განაცხადა ანი ხახანაშვილმა.

ცნობისთვის, ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები