კორუფციის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 1 საათში იმსჯელებს. საგამოძიებო უწყებამ, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილ მოადგილესა და ამავე ცენტრის ორ ყოფილ მენეჯერს ბრალი უკვე წარუდგინა.
ბრალი აქვს წაყენებული "ევექსის ჰოსპიტლების" ორ თანამშრომელსაც, რომელმაც, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვისა და პაციენტების მოზიდვისთვის ბონუსის სახით, 226 ათასი ლარი მიიღო. ქრთამის მიცემის ფაქტზე ბრალდებული პირების ვინაობა "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია.
ორივე პირი, ამ დროისთვის, თავისუფალია. ისინი არიან ნინო რეხვიაშვილი და მარიამ ხუნდაძე.
"კურიერი" ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ იყენებს დუმილის უფლებას.
"ამ ეტაპზე, არაფერს არ ვამბობ. ვიყენებ დუმილის უფლებას," - აღნიშნა ბრალდებულმა, მარიამ ხუნდაძემ.
მეორე ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და გაცნობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა პოზიციას დააფიქსირებენ.
"ვიდრე საქმის მასალებს არ გავეცნობი, ამ ეტაპზე, თავს დამნაშავედ არ ცნობდა აქამდე. გავეცნობით საქმის მასალებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა პოზიცია დავაფიქსიროთ. დარიცხვები იყო კონტრაქტის საფუძველზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ იყო ჩვეულებრივი კონტრაქტი სამედიცინო დაწესებულებასა და ნინო კოშაძეს შორის და მან არ იცოდა იმის თაობაზე, რომ ის იყო 112-ის თანამშრომელი და როგორც ექიმთან, ისე ჰქონდა დაკონტრაქტებული," - განაცხადა ნინო რეხვიაშვილის ადვოკატმა, დავით ლაღიძემ.