24 ივნისი 2026,   23:57
ვრცლად
მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ, კანადაში გასამართლებული ორი მამაკაცი უდანაშაულოდ ცნეს

სასამართლომ რობერტ მეილმენი და უოლტერ გილესპი 1984 წელს, კანადაში, სენტ-ჯონში მომხდარ ჯორჯ ლიმენის მკვლელობისთვის არასწორად გაასამართლა და ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, სულ ახლახანს კი მათი უდანაშაულობა დამტკიცდა.

პატიმრობაში ყოფნისას, ორივე ბრალდებული უარყოფდა დანაშაულის ჩადენას, თუმცა, მათ აქამდე არავინ უჯერებდა. წარუმატებელი აპელაციების შემდეგ, იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა არიფ ვირანმა განაცხადა, რომ საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება, რაც მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე მიუთითებს.

ბრალდებულები სასამართლოს წინაშე იანვრის თვეში განმეორებით წარსდგნენ. ამ მომენტისთვის მეილმენი 76, ხოლო გილესპი 80 წლის გახლდათ. სხდომაზე პროკურორმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულება არ გააჩნდა.

სასამართლომ 40 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და რობერტ მეილმენისა და უოლტერ გილესპის უდანაშაულობა გამოაცხადა. გამართლებულების პოზიციას Innocence Canada 2018 წლიდან იცავდა. სწორედ მათ შეიტანეს იუსტიციის დეპარტამენტში საქმის გადახედვაზე მოთხოვნა.

როგორც აღმოჩნდა, მეილმენისა და გილესპის უსამართლო პატიმრობა პროკურორის ან პოლიციის დეპარტამენტის შეცდომამ გამოიწვია. განმეორებით სხდომაზე მოწმეებმა განაცხადეს, რომ ჩვენებაში ორივე მათგანმა სასამართლოს წინაშე იცრუა. ახალმა ინფორმაციამ კი ბრალდებულების ალიბი დაადასტურა და საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მკვლელობის მომენტში არც ერთი მათგანი დანაშაულის ადგილას არ იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებენ თუ არა ყოფილი მსჯავრდებულები კომპენსაციას. რობერტ მეილმენს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ექიმებმა მას დაახლოებით სამი თვე სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს.

დღის ამბები