მამაკაცი, რომესაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირსა და მის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან, 23 წლის ლაშა ნინიძეა - მას დღეს პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების თანახმად, 15 წლის მოზარდი მე-15 სართულიდან გადმოხტა – დაკავებულს კიდევ ერთი ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს წაყენებული.
მოსამართლე თამაზ ბეჟაშვილმა სხდომა დახურა, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15 ივნისს გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით (140-ე მუხლი) დააკავეს 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.