17 სექტემბერი 2026,   02:02
ვრცლად
"ევროკავშირს საქართველო სჭირდება" - Euronews-ი მაკა ბოჭორიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს

თბილისი ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული რჩება და ევროპას საქართველო საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის სჭირდება - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-სთან განაცხადა. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად "სერიოზულად უყურებენ" ევროპელები გაფართოებას - წერს Euronews-ი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო კვლავ მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თუმცა "დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად სერიოზულად უყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გაფართოებას, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში".

დუბაიში გამართულ არაბული მედიის სამიტზე, Euronews-ის მიერ მოდერირებულ პანელზე, მაკა ბოჭორიშვილმა ოფიციალური თბილისის მტკიცე პოზიცია გამოხატა: "ევროპას სურს გაფართოება, თუმცა ევროპას არ აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება".

"ორივე მხარემ უნდა ვისწავლოთ, ორივე მხარემ უნდა გავცვალოთ [გამოცდილება] და ამისთვის ძალიან ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა გვჭირდება".

"ბოჭორიშვილმა, რომელიც ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერია, თავისი მთავრობის უცვლელი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრიუსელმა თბილისს პატივი უნდა სცეს", - წერს Euronews-ი.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო კვლავ მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე სასაუბროდ:

"იმედი გვაქვს, ევროპელი პარტნიორებიც გაიაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორებთან აქტიური დიალოგი და ურთიერთპატივისცემა - ეს ხომ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მთავარი პირობაა".

"ევროპული მისწრაფებები და იდენტობა ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და იდენტობაში, და სრულიად ბუნებრივია, რომ ქართველებს ევროპისკენ ეს სწრაფვა აქვთ", - განუცხადა Euronews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"უამრავი შესაძლებლობა იხსნება, თუ ყურადღებას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე გაამახვილებთ - სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს ჩვენ. საქართველოს შესახებ ხშირად ვრცელდება განსხვავებული ნარატივები, თუმცა საუკეთესო პასუხი ციფრებისა და მონაცემების შეფასებაა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მმინისტრმა ასევე მიანიშნა, რომ ევროპისთვისაც ხელსაყრელია თანამშრომლობა: "საქართველოს რეგიონში თუ ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია და საუკეთესო პასუხია იმ მცდარ ნარატივებზე, რაც ჩვენზე ვრცელდება".

"სამხრეთ კავკასია ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველო ის საკვანძო ადგილია, სადაც არა მხოლოდ ენერგორესურსები გაედინება, არამედ ბევრი სხვა რამ, რაც სხვადასხვა პერსპექტივით არის მნიშვნელოვანი ევროპული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

"მინისტრმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ შავ ზღვაზე გასასვლელით საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ხიდად გვევლინება, გლობალური სატრანსპორტო მარშრუტების ახლებურად ჩამოყალიბების ფონზე კი მას "დღეს, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების თვალსაზრისით, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია", - აღნიშნულია სტატიაში.

"როდესაც შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური სატრანსპორტო დერეფანი - ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი ერთიანდება, ხოლო ევროპული პერსპექტივიდან, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის", - დასძინა მან.

დღის ამბები