ფრაზა, რომელიც მთელ ცხოვრებას ცვლის. კრიმინალურ სამყაროში ცნობილი, მაგრამ საკუთარი პრინციპების მქონე გუგა გამრეკელის და ახალგაზრდა მარიამის სიყვარულის ისტორია პარადოქსებით სავსე 90-იან წლებში იწყება. კრიმინალი, ომი, სიცივე, გაჭირვება, მეგობრობა და ღალატი - პერიოდი, რომელმაც თითქმის ყველა ქართული ოჯახის ყოველდღიურობა და მთელი თაობის ცხოვრება შეცვალა.
ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ჩვენს დროშიც გრძელდება. წლები გადის, დრო იცვლება, იცვლებიან ადამიანებიც და მათი ურთიერთობებიც, თუმცა წარსულის შეცდომები უკვალოდ არ ქრება.
ადგილი, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ხვდება "ჩვენი უბნის ქვაფენილია" - ახალი მძაფრსიუჟეტიანი დრამა "რუსთავი 2-ის" ეთერში დღეიდან გამოჩნდება.
კომედიიდან ტრაგედიამდე ხშირად მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ამ ნაბიჯს ახლა პაატა გულიაშვილი დგამს. იუმორისტული გადაცემების ავტორი რეჟისორის ამპლუაში სრულიად განსხვავებული ხელწერით წარდგება.
ორი ეპოქის ატმოსფერო, სირთულეები, ოჯახური ინტრიგები და კრიმინალური გარჩევები - სერიალზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაღებებმა კი, მთელი საქართველო მოიცვა.
ერთ-ერთი მთავარი გმირი მარიამია, ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრებით - წარმატებული ბიზნესმენი ქმარი და ორი შვილი, თუმცა იდილია ერთ წამში იმსხვრევა, როდესაც მარიამის ტელეფონზე მოულოდნელი ზარი ისმის.
ადამიანი, რომელიც ყველას მკვდარი ჰგონია, მოულოდნელად ისევ ჩნდება და ყველაფერი თავდაყირა დგება.
გუგა გამრეკელის როლს გუგა გულიაშვილი თამაშობს, მისთვის ეს პირველი როლია, რადგან მამისგან განსხვავებით მსახიობობაზე არასდროს უფიქრია.
სერიალში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მსახიობებთან ერთად ნაკლებად ცნობილი სახეები არიან. ეკრანზე ორი სხვადასხვა თაობა ერთიანდება.
სერიალის პროდიუსერი ნიკა არაბიძეა. შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ის ზრუნავს, რომ 90 იანი წლების ატმოსფერო და დღევანდელობა, ეკრანზე ერთიან, ცოცხალ ისტორიად შეიკრას.
ვიდრე სერიალი ყველა ოჯახის სტუმარი გახდება, მისი ამბავი უკვე მთელმა საქართველომ გაიგო.
აფიშები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი. ახალი ქართული სერიალის მიმართ მაყურებლის მოლოდინი დიდია.
ჩვენი უბნის ქვაფენილის გზა კი "რუსთავის 2"-ის კამერამაც გაიარა იმისათვის, რომ ახალი ქართული სერიალის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა მაყურებლებისთვის.
ჩვენი უბნის ქვაფენილის პრემიერა დღეს გაიმართება. მძაფრსიუჟეტიანი დრამას მაყურებელი "რუსთავი 2"-ის ეთერში ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 23 საათზე იხილავს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი