01 ოქტომბერი 2026,   16:41
ვრცლად
წალენჯიხაში საპროტესტო აქცია ამ ეტაპზე დასრულდა - მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს

სასმელი წყლისა და გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერ-ფერდში ამ ეტაპზე დასრულდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

ცნობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლისა და საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვდა.

მათი განცხადებით, წლებია სასმელი წყლის პრობლემა აქვთ, რის გამოც 80-მდე კომლი წყალს შორი მანძილიდან ეზიდება. მოსახლეობის ნაწილს კი წყალი, ახლომდებარე მთიდან, კუსტარულად აქვთ ჩამოყვანილი, თუმცა უამინდობის დროს, წყალი იმღვრევა და უვარგისი ხდება.

აქციის მონაწილეები გზის რეაბილიტაციასაც ითხოვენ. მათი განცხადებით, ცალკეულ უბნებში უამინდობისას გზები ირეცხება და გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

აქციაზე შეკრებილებს, წალენჯიხის მერის მოადგილე შეხვდა და მათ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. თამარ ბელქანიას განცხადებით, აღნიშნული პრობლემების შესახებ, ინფორმირებული არიან და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, ეტაპობრივად მოგვარდება. მისივე თქმით, გზის რეაბილიტაციის პრობლემას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გასწვდება და შესაბამისი პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდს გადაეგზავნება.

 

დღის ამბები