01 ოქტომბერი 2026,   23:29
ვრცლად
"ჯამურად, ყველა "ლუზერების" გაერთიანება, რაც არიან, 16%-ია. ამიტომ მალავდნენ" - ირაკლი ზარქუა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის შემდეგ, პარტიის უკვე სხვა წევრებიც ადასტურებენ, რომ "აირაის" კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა სამი დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებში ამტკიცებდნენ, რომ კვლევებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თინა ბოკუჩავამ კითხვაზე თავის არიდებით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეიტინგებზე ოპოზიცია ინფორმირებული იყო. 

გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს - "კურიერმა" "აირაის" ევრაზიის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ ყველას კი ჯამში 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%-ია, ალოკაციით კი 55%.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციური ლიდერები IRI-ის კვლევის შედეგების შესახებ ინფორმირებულები არიან, რადგან, მისი თქმით, კვლევა მათ მიერ არის დაკვეთილი. ზარქუას შეფასებით, კვლევაში ოპოზიციური ძალების საერთო მაჩვენებელი 16%-ია, რაც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ ოპოზიციის მიერ საზოგადოებისთვის შექმნილი წარმოდგენები მათი გაერთიანებისა და მხარდაჭერის შესახებ რეალობას არ შეესაბამება.

"ბუნებრივია, ბოკუჩავაც და ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციური ლიდერებიც, საქმის კურსში არიან ამ კვლევების შედეგების შესახებ, იმიტომ, რომ მათ დაუკვეთეს ეს IRI. IRI არის წლების განმავლობაში მათი მხარდამჭერი ორგანიზაცია.

ჯამურად ესენი, ყველა "ლუზერების" გაერთიანება, რაც არიან - 16%. ამიტომაც მალავდნენ. როდესაც შენ მტრობ შენს ეროვნულ ინტერესებს, შენს ქვეყანას, შენს ხალხს, ბუნებრივია, მერე ამ შედეგს მიიღებ.

ამიტომაც არის, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ ის თვითონ ფსევდო-რაღაც სიგიჟეებს რომ იძახდნენ, დაფინანსებულს, რომ "ჩვენ აი მოვდივართ, ვიმარჯვებთ", იქ ხალხი, საზოგადოება შეცდომაში რომ შეჰყავდათ, ვითომ დიდი გაერთიანება, ეს იყო ყველაფერი ბლეფი, ტყუილი", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები