14 ივნისი 2026,   09:28
ვრცლად
"სახლში შესვლას რომ ვაპირებდი, გაისროლა და ამას მოხვდა" - რა მოხდა კახეთში, სადაც 71 წლის ქალი მეზობლის გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა

კახეთში, 71 წლის ქალი მოკლეს, დანაშაული ახმეტაში მოხდა. სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელ ქალს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა. ეჭვმიტანილი 18 წლისაა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, სროლისა და ხმაურის ხმა გაიგეს, რის გამოც გარეთ გავიდნენ და სწორედ ამ დროს მოხვდა ტყვია მის მეუღლეს.

"ჩემი მეუღლე სახლში იყო, მეც სახლში ვიყავი. მითხრა გარეთ გამოდი, რაღაც სროლაა და ჩხუბიაო. მითხრა მე მაღლა ავალ და შენ შიგნით შედიო, სახლში შესვლას რომ ვაპირებდი, გაისროლა და ამას მოხვდა", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი სადაო მიწის ნაკვეთის გამო, წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები