ევროკავშირი გმობს აღმოსავლეთის ქვეყნების, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილებას უკრაინის ფერმის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის დაწესების შესახებ.
სამმა ქვეყანამ აკრძალა უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი ბოლო დღეებში იმ არგუმენტით, რომ ექსპორტის ჭარბი რაოდენობა საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ ფერმერებს და ადგილობრივ ბაზარს.
ევროპელი დიპლომატები თვლიან, რომ იმპორტის აკრძალვები ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო, ისე ევროკავშირის კანონებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა politico ავრცელებს.
ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ცალკეული ქვეყნების ცალმხრივი აკრძალვები ვერაფერს მოაგვარებს. მისივე მოსაზრებით, ევროპამ უნდა შეძლოს ერთიან წესებზე შეთანხმება, რომლითაც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი განხორციელდება.
უკრაინის ეკონომიკა დიდწილად ეყრდნობა მარცვლეულის ექსპორტს, რომელიც ომამდე საკმარისი იყო 400 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად. ქვეყანაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, უკრაინის გლობალური ექსპორტის დიდი ნაწილი ფაქტიურად დაიბლოკა.