28 სექტემბერი 2026,   18:57
ვრცლად
უკრაინამ ბიუჯეტის ფინანსური დეფიციტი 7 მილიარდი დოლარით შეამცირა, თუმცა დეფიციტის დასაფარად კვლავ მოკავშირეების დახმარება სჭირდება - Euronews

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ მკაცრი ეკონომიის ზომების გატარების შედეგად 27 მილიარდი დოლარის (23.7 მილიარდი ევროს) ოდენობის ფინანსური დანაკლისი 20 მილიარდ დოლარამდე (17.6 მილიარდ ევრომდე) შეამცირა, თუმცა, მისი თქმით, დარჩენილი ფინანსური დანაკლისის დაფარვის საკითხი კვლავ ღიად რჩება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ხარჯების შემცირება შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა გზების შეკეთება და კულტურული პროექტები, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დაცული იქნება.

"ჩვენ ვცდილობთ ხარჯების ოპტიმიზაციას და არსებული რესურსების გადანაწილებას, რათა პრიორიტეტები განვსაზღვროთ. შეიარაღებული ძალები ყველა ჩვენგანისთვის უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა კორეცკიმ საინფორმაციო სააგენტო TSN-თან ინტერვიუში და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დაცული იქნება.

"პრიორიტეტი განისაზღვრება იმით, არის თუ არა ეს ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელი. გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ", - დასძინა მან.

კიევი ევროკომისიასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) და სხვა მოკავშირეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეავსოს ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეხება და საფრთხეს უქმნის კრიტიკულად საჭირო იარაღის მიწოდებას.

მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ესკალაციამ დაფინანსების მოძიების აუცილებლობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

"ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, ამ ხარჯების დასაფარად საჭირო გზას ჯერ კიდევ ვერ მივაგენით", - განაცხადა კორეცკიმ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ 27 მილიარდი დოლარი ახალი დაფინანსების მოთხოვნა არ არის, რადგან ეს თანხა უკვე შედიოდა ომის წლიურ ხარჯებში, რომელიც 155 მილიარდ დოლარად (136.3 მილიარდ ევროდ) არის შეფასებული და რომლის შესახებაც უკრაინამ მოკავშირეებს თებერვალში აცნობა.

მისი თქმით, უკრაინამ მსგავსი შეფასება წარუდგინა ევროკომისიას, როდესაც ბრიუსელი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებდა. ეს თანხა თანაბრად გაიყო: 45 მილიარდი ევრო გამოიყო 2026 წლისთვის და კიდევ 45 მილიარდი ევრო 2027 წლისთვის, გადახდები კი უკვე მიმდინარეობს.

როგორც Euronews-ი წერს, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა წამოაყენეს იდეა, რომ სესხის გარკვეული ნაწილის თანხა წინასწარ მიეღოთ, თუმცა ეს მომავალ წელს ხელმისაწვდომ თანხას შეამცირებდა და შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაეუარესებინა.

ევროკომისიის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ ზუსტად დაადგინონ, რა მოცულობისაა ბიუჯეტის დეფიციტი და უკრაინას მოუწოდებენ, დააჩქაროს რეფორმები, რათა მიმდინარე წელს ხელმისაწვდომი დაახლოებით 20 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მიღება შეძლოს.

მედიის ცნობით, სამშაბათს ბრიუსელში უკრაინის დონორთა პლატფორმის ახალი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოკავშირე ქვეყნებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ჩვენ გვსურს შევკრიბოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც მზად არიან განიხილონ, თუ როგორ შევავსოთ ბიუჯეტის დეფიციტი", - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა.

დღის ამბები