ევროპულ პოლიტიკაში არსებობს ქალაქები, სადაც დიპლომატიის ენა ერთდროულად ორ სხვადასხვა რეალობას ქმნის. ბრიუსელი დღეს სწორედ ასეთი ორსახოვანი სიმბოლოა: ერთ მხარეს - ევრობიუროკრატიის ცივი, დოგმატური კედელია, საიდანაც თბილისს მხოლოდ პოლიტიკური პირობები და დისტანცირების სიგნალი ესმის. მეორე მხარეს კი - თავად ბელგიის ეროვნული პარლამენტია, რომელმაც საქართველოს დელეგაციას კარი ოფიციალური მიწვევით გაუღო.
ეს არ იყო უბრალო პროტოკოლური ვიზიტი. ეს იყო მცდელობა, იდეოლოგიური ბარიერების მიღმა აღდგეს ის, რაზეც ევროპული ოჯახი საუკუნეების განმავლობაში იდგა - პირდაპირი, არგუმენტირებული დიალოგი.
როდესაც ევროპული სტრუქტურები უარგუმენტოდ და ცალმხრივად ურთიერთობის შეჩერებას უჭერენ მხარს, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედის. საჭირო ხდება ალტერნატივის ძებნა. ბელგიის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თბილისმა სწორედ ეს ალტერნატივა წამოაყენა: წევრმა სახელმწიფოებმა იკისრონ კონსტრუქციული შუამავლის როლი, რათა ხელოვნურად ჩაკეტილი წრე გაირღვეს.
მსგავსი პრაგმატულობა პირდაპირ აშიშვლებს ევრობიუროკრატიის რეალურ სახეს. თუკი ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნის საპარლამენტო ხელისუფლება მზადაა მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტები, ცენტრალური აპარატის მხრიდან კარის დახურვა, თან უარგუმენტოდ სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
ბრიუსელში გაჭრილი პოლიტიკური არხი ლუქსემბურგში გაგრძელდა - ევროპული არქიტექტურის კიდევ ერთ ფუნდამენტურ საყრდენში. დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან და კანონმდებლებთან შეხვედრამ მკაფიოდ გამოკვეთა მთავარი ჭეშმარიტება: ევროკავშირი არ შექმნილა, როგორც უსახო ბიუროკრატიული მანქანა. ის, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ სახელმწიფოთა ნებაზე დაფუძნებული კავშირი იყო.
პირდაპირმა საუბარმა ევროპული პოლიტიკის კიდევ ერთი უხერხული აჩრდილი გამოაჩინა - საინფორმაციო ვაკუუმი. აღმოჩნდა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც საქართველოზე მკაცრი, თანაც უსაფუძვლო ვერდიქტები გამოაქვთ, ხშირად საერთოდ არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას. ბრიუსელის იდეოლოგიური ფილტრი თბილისის არგუმენტებს უბრალოდ ბლოკავს.
ამ საინფორმაციო ნისლის გაფანტვას კონკრეტული გეოპოლიტიკური ფასი აქვს. შავი ზღვის აუზი, "შუა დერეფანი" და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება - ეს ის რეალური, მყარი ღერძებია, სადაც თბილისის გარეშე ევროპული სტრატეგია უბრალოდ უფუნქციო ხდება. შესაბამისად, საქართველოსთან იზოლაციისა და ზეწოლის ენით საუბარი თავად ევროპის პრაგმატულ ინტერესებს აყენებს დარტყმას.
ევროპულ დედაქალაქებში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა: როდესაც იდეოლოგიური ნისლი იფანტება, რჩება ჯანსაღი, პრაგმატული ინტერესი. თბილისმა თავისი სათქმელი თქვა. ახლა არჩევანი ბრიუსელის ბიუროკრატიაზეა -დარჩეს მის მიერვე აგებულ პოლიტიკურ ციხესიმაგრეში, თუ წევრი ქვეყნების მსგავსად დიალოგის კარი რეალურად გააღოს.