გიორგი ქორქიას "რუსთავი 2"-ის მაყურებელი კარგად იცნობს - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და საინტერესო ადამიანებსა და ამბებზე გვიყვება, თუმცა ერთი წლის წინ მის ცხოვრებაში ამბის თხრობის ახალი ფორმა გამოჩნდა.
ადამიანები, ვისაც გიორგი წლების განმავლობაში გადაღებებზე აკვირდებოდა, ახლა მის ნახატებში გაცოცხლდნენ. ხატვის გამორჩეული სტილი აქვს. როგორც თავად ამბობს, მისი ნახატების მთავარ ხელწერად - კადრისთვის შექმნილი შუქ-ჩრდილი იქცა.
თავდაპირველად გიორგის ნახატებმა ახლო წრის ყურადღება მიიპყრო. ამჯერად კი სახელოსნოდან საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლა - გიორგი ქორქია თბილისის ახალგაზრდულ სახელოვნებო ბაზრობაში მონაწილეობს.
მოკლედ, დღეს ჩვენი კოლეგა თავად არის რეპორტაჟის გმირი - გიორგი ქორქიას მეორე, აქამდე ნაკლებად ნაცნობი სამყარო "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟში.
მხატვრობა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ მხატვრობაზე არასოდეს უოცნებია. ერთ ღამეს, უძილობისას მაგიდაზე შვილის სახატავი ალბომი და ფანქარი დაინახა.
იმ ღამემ ყველაფერი შეცვალა - ხატვა მისი ფიქრებისა და განცდების მთავარი მესაიდუმლე გახდა.
გიორგი ქორქია, რომელიც "კურიერი P.S.-ის" ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია და მაყურებელიც კარგად იცნობს, ბედს ამჯერად უკვე სახვით ხელოვნებაში ცდის. გრაფიკულ მხატვრობაში - შუქ-ჩრდილების ფონზე, კონტურიდან კონტურამდე. გვიყვება, რომ ხატვის პროცესი მისთვის საინტერესოა.
ორი ათეული წელი ჟურნალისტიკაში არც ისე ცოტაა, დიდი თავგადასავალია, ამ ხნის განმავლობაში მაყურებლებისთვის უამრავი ისტორია მოუყოლია - ადამიანებზე, ქალაქებზე, მნიშვნელოვან მოვლენებზე, სოფლების ცხოვრებაზე, საქართველოს კუთხეებზე. ახლა კი ეს პერსონაჟებიცა და ამბებიც ფურცლებზე ნახატებში გაცოცხლდნენ.
თავიდან მხოლოდ პატარა ჩანახატებს აკეთებდა. ნელ–ნელა ფურცელს ფურცელი დაემატა, სიუჟეტს სიუჟეტი, პერსონაჟს პერსონაჟი. ასე, ნელ-ნელა პირველი კოლექციაც შეიქმნა. ხატვა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
ნამუშევრებში თემატიკა სხვადასხვაა, ხატავს ხან რელიგიურ და ხან მითოლოგიურ პერსონაჟებს, 70–იანი წლების ეპოქას. თითოეულ ნამუშევარში არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ პერსონაჟის სულიერი განცდაც გადმოაქვს. მისთვის ეს უბრალოდ შუქ-ჩრდილების მოხაზვა არ არის, ეს არის გზა, რომლითაც საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებს გამოხატავს.
აპირებს, რომ მომავალში ადამიანები მითოსში ამოგზაუროს. ყველასთვის ცნობილი მითოლოგიური პერსონაჟები საკუთარი ხედვით დახატოს და გადმოსცეს - მათი ისტორიები, ძალა, ადამიანური გრძნობები და ის საიდუმლო სამყარო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანების წარმოსახვას იპყრობს.
ნამუშევრების ნაწილი გიორგი ქორქიამ უკვე მიიტანა საგამოფენო სივრცეში. დამთვალიერებელთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადება, გამოფენის წინ კვლავ თავის ოთახში ზის და ხატავს.
თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში 25 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დაიხურა. თბილისის ახალგაზრდულ სახელოვნებო ბაზრობაზე არტისტებმა თავიანთი შემოქმედება ფართო აუდიტორიას წარუდგინეს.
პანელური დისკუსიებზე ისაუბრეს ხელოვნებაზე.
გიორგი ქორქიას სატელევიზიო ნამუშევრებს მაყურებელი კარგად იცნობს, ფანქრებით ამბის თხრობა ახლა უკვე საგამოფენო სივრცეში შეფასდა. ჟურნალისტიკამ მას ადამიანების დანახვა ასწავლა, მხატვრობამ კი საკუთარი ემოციების ფანქრით მოხაზვა. თუკი ჟურნალისტიკაში სხვების ემოციებს ეძებს, მხატვრობაში საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. შავ-თეთრი ხაზებით, სადაც მისი ახალი სამყარო იბადება.