პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, 9 აპრილი არის როგორც ტრაგიკული დღე, ასევე 9 აპრილი არის გამარჯვების დღე.
როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ, ქართველი ხალხი მიიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე, როდესაც 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა.
"ის მსხვერპლი, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო 89 წლის 9 აპრილს, მიგვიყვანა შემდგომ 91 წლის 9 აპრილამდე, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ამიტომ, ეს დღე არის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავდროულად არის გამარჯვების დღე. დღე, რომელმაც ქვეყნას დაუბრუნა ნანატრი თავისუფლება,"-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.