გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ილესს შეხვდა. მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელს, ხათუნა ზალდასტანიშვილს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასების დოკუმენტის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
აღნიშნა, რომ შვედეთის მხარესთან კოორდინაციით მოხდა ე.წ. დარუკება. მაკროეკონომიკის და სექტორალურ დონეზე შესწავლილი იქნა თუ როგორია ცირკულარობის დონე. შემდეგ ეტაპზე შემუშავდება სტრატეგია.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სწორედ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, ასევე კერძო სექტორის გაძლიერება. საუბარი შეეხო ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.