50-ზე მეტი საჰაერო იერიში ბოლო 24 საათის განმავლობაში - ომის დაწყებიდან 298-ე დღეს რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინის ენერგეტიკის სისტემა მოშალოს. დარტყმები ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე. საპასუხოდ უკრაინის თავდაცვის ძალების ამოცანა რუსული იარაღის საცავების განადგურება, მათი შესაძლებლობების შემცირება და კონტრშეტევების წარმოებაა.
სამხედროები ფრონტის ხაზზე პოზიციების გამყარებას ცდილობენ, ამ დროს ტექნიკური სამსახურების საზრუნავი წყლის დენის და გათბობის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებაა. მხოლოდ კიევის ოლქში ბოლო იერიშების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე 7 მილიონი აბონენტი დარჩა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს უკრაინის ცის დაცვის საიმედო შესაძლებლობის პოვნისკენ, რაც მისი თქმით რუსული ტერორის მთავარ ფორმას, სარაკეტო დარტყმებს შეაჩერებს.
"მთავარი საკითხი ენერგეტიკაა. დღის განმავლობაში, თითქმის 6 მილიონ უკრაინელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სარემონტო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო სისტემის სტაბილიზაციისთვის, პრობლემებია გათბობასთან, წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. ურთულესი ვითარებაა ქალაქ კიევსა და მის ოლქში, ვინიცაში, ლვოვში. რუსეთი არ იშურებს საომარ რესურსებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მუდმივად შეგახსენებთ ძვირფასო პარტნიორებო! იპოვეთ შესაძლებლობა რომ მისცეთ უკრაინას ცის საიმედო დაცვა, საიმედო საჰაერო თავდაცვის ფარი. თქვენ შეგიძლია ამის გაკეთება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ხალხის დაცვა, ასი პროცენტით დაცვა ტერორისტული რუსული დარტყმებისგან. როდესაც ეს მოხდება, რუსული ტერორის მთავარი ფორმა, სარაკეტო ტერორი, უბრალოდ შეუძლებელი გახდება. ეს ნიშნავს უკრაინელების, მილიონობით ადამიანის უსაფრთხოებას და მთელი სამხედრო სიტუაციის სტრატეგიულ გადაწყობას. რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსეთს ტერორისთვის, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება ჩვენ მშვიდობის აღსადგენად," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის თქმით ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი საჰაერო შეტევა მიიტანა.
"მტერი ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს ლიმანში. ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისა და ავდივას რაიონებში შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა. საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს. უკრაინულმა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს მტრის რამდენიმე უბანს, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული, ასევე განთავსებული იყო მისი საბრძოლო მასალის საცავები. არიან დაღუპულები და დაშავებულები," - ამბობს სტუპუნი.