07 თებერვალი 2023,   14:47
ვრცლად
საქართველოს შშმ პირთა ქსელი ინფორმაციას ავრცელებს

შშმ პირთა მოსაზრებებისა და შშმ პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ, შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შშმ პირთა ქსელის წერილში, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

"საერთაშორისო საზოგადოებამ დააგროვა ცოდნა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი. გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი (განხორციელება და მონიტორინგი ეროვნულ დონეზე) ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების მაგალითს წარმოადგენს.

33-ე მუხლი მკაფიოდ შეახსენებს სახელმწიფოებს, რომ კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისთვის აუცილებელია ეფექტური, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილი განხორციელებისა და კოორდინაციის მექანიზმის შექმნა, რომელსაც მაღალი სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური სტატუსი ექნება, რათა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინირება უზრუნველყოს. 

აღნიშნული მექანიზმის შექმნის ვალდებულება, საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უნიკალურ შესაძლებლობას ხსნიდა, რათა მათ წინაშე არსებული პრიორიტეტული და სისტემური საკითხების აღსრულება კოორდინირებულად და შეთანხმებულად მომხდარიყო, ყველა პასუხისმგებელი უწყების ჩართულობით. 

2021 წელს, საქართველომ 33-ე მუხლის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაამტკიცა დადგენილება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ, თუმცა, ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, რადგან ერთი მხრივ, სრულად უგულებელყო აღნიშნულ პროცესში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოსაზრებები და რეკომენდაციები კომიტეტის სტრუქტურის, შემადგენლობისა და მასში შშმ პირთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ. მეორე მხრივ კი, არ გაითვალისწინა შშმ პირთა კომიტეტის რეკომენდაციები სტრუქტურის თაობაზე, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ. აქვე, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინაპირობათა საქართველოსთვის გამოცემულ 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, მე-8 პუნქტი სწორედ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების უფლებების დაცვას ეხება.

შშმ პირთა მოსაზრებებისა და შშმ პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ, შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა. ვერ ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, ვერ უზრუნველყოფს სექტორებს/უწყებებს შორის კოორდინირებას და ვერ ახდენს სისტემური საკითხების ინიცირებას. რაც მთავარია, ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ეფექტურ და სრულ ჩართულობას შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მე-7 ზოგადი კომენტარის (შშმ პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით) მოთხოვნათა შესაბამისად.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: 
•    უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ -  მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის რეკომენდაციების ასახვის მიზნით; 
•    ეფექტური მუშაობისთვის ცალკე გამოყოს მუდმივმოქმედი აპარატი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კადრებით და ფინანსური რესურსებით.
•    ზემოთ აღშნიშნული, მოთხოვნების ეფექტური და დროული აღსრულებისთვის, ასევე მოვითხოვთ ქსელის წარმომადგენლობით შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ვიქნებით კრიტიკული და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის, 2023 წლის მარტში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში დაგეგმილ, საქართველოს ანგარიშის განხილვას კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ, რათა დავაფიქროთ და შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იგი ვალდებულია, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კონვენციის პრინციპებს პასუხობს და  შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. 

ხელისუფლება ასევე ვალდებულია, მაქსიმალურად გაითვალისწინოს თემის გამოცდილება და ექსპერტიზა იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებელ და ღირსეულ ცხოვრებას  ეხება," - ნათქვამია წერილში.

დღის ამბები