04 ოქტომბერი 2026,   20:00
ვრცლად
რა შენიშვნები ექნება ვენეციის კომისიას საქართველოს მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე - პოლიტიკოსების შეფასებები და მოლოდინები

მივესალმებით განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით - ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. გზავნილში, გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯად არის შეფასებული.

განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია. პოზიტიურად აფასებენ "ქართული ოცნების" მხრიდან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნას ოპოზიციაშიც.

მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები ექნება არა მხოლოდ ვენეციის კომისიას, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ. როგორც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, კანონპროექტს "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიაში გააგზავნის.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას მოუწევს ვენეციის კომისიის შენიშვნების გაზიარება. 

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ასევე მოუწევს ხელისუფლებას იმ შენიშვნების გათვალისწინება, რასაც გასცემს ვენეციის კომისია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიიდან ხშირად კარგი რეკომენდაციები მოსულა.

"კარგია, რომ კანონი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, არ ვიცი რა რეკომენდაციები მოვა, ზოგჯერ ძალიან კარგი რეკომენდაციებიც მოსულა ვენეციის კომისიიდან. ევროპელები გვთხოვენ, რომ ინსტიტუციები გადამეტებული გავლენებისგან დავიცვათ,"- აცხადებს რაქვიაშვილი. 

"ქართულ ოცნების" წევრის რატი იონათამიშვილის თქმით კი, ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნას ერთადერთი მოტივაცია - ექსპერტული შეფასება აქვს. 

"ვენეციის კომისიაში გაგზავნას აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ მოხდეს ექსპერტული შეფასება დოკუმენტის. ამაზე პოლემიკის გაამართვა ოპოზიციის მხრიდან არის სპეკულაცია და ჩვენ ვეცადეთ, რომ ოპოზიციისთვის ეს სივრცე არ დაგვეტოვებინა," - აცხადებს იონათამიშვილი. 

დღის ამბები