ამ წუთებში პარლამენტი ფინანსთა მინისტრს უსმენს. ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს 2023 წლის ბიუჯეტს აცნობს. მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის 20%-ით ხელფასის მატება, 10 პროცენტით გაეზრდებათ ხელფასი საჯარო სექტორში დასაქმებულებს, იზრდება ხარჯები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებითაც, სადაც ძირითადად იგულისხმება პენსიების და დანამატების ზრდა, ასევე 6 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე.
საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. მთავრობა მომავალ წელს 24 მილიარდ 300 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა რამდენი პროცენტით ეზრდება დაფინანსება სხვადასხვა უწყებებს.
"2023 წელს ნაერთი ბიუჯეტის ჯამური რესურსი, რაც უნდა გადანაწილდეს ბიუჯეტის ხარჯებზე, შეადგენს 23,1 მილიარდ ლარს, რაც 1.5 მილიარდი ლარით აღემატება 2022 წლის განახლებულ გეგმიურ მაჩვენებელს. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება მთლიანი რესურსის 30%-ია და ჯამში მათი დაფინანსება 7 მილიარდ ლარს შეადგენს. რესურსის 26%, ანუ 6,1 მილიარდი ლარი მიემართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე. 11%, ანუ 2.6 მილიარდი ლარი გამოყოფილია განათლებასა და მეცნიერების დაფინანსებაზე და დაახლოებით 11%-მდე, 2.5 მილიარდი ლარით თავდაცვასა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსებაზე. კულტურის და სპორტის დაფინანსება შეადგენს 131 მილიონ ლარს, გარემოს დაცვა 617 მილიონ ლარს, პენიტენციალური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი, სასამართლოს და პროკურატურის დაფინანსება 192 მილიონი ლარი, საგარეო ურთიერთობები 183 მილიონი ლარი, ვალების მომსახურება მილიარდ 170 მილიონი ლარი. ყველა სვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსი დაახლოებით 8%-ზე ნაკლები მიემართება.
რამდენიმე მიმართულებაზე უფრო დეტალურად მოგახსენებთ. დავიწყებ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების დროს ამ მიმართულებით დაფინანსება დაახლოებით 160 მილიონი ლარით გავზარდეთ და 2 მილიარდ 196 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს დაფინანსება დამატებით გაიზრდება 314 მილიონ ლარზე მეტით და იზრდება 2 მილიარდ 510 მილიონ ლარამდე.
მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო ერთი მილიარდ 260 მილიონი, შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 მილიარდ 70 მილიონი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 180 მილიონი, ჯამურად 2 მილიარდ 510 მილიონი ლარიდან ერთი 450 მილიონ ლარამდე მიემართება შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2022 წელთან შედარებით, გაზრდილი არის 290 მილიონ ლარზე მეტით.
გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში განხორციელდება ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების 20%-იანი ზრდა,“ - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
დარბაზში უკვე დაისვა კითხვები, რომელიც რამდენიმე მიმართულებას ეხებოდა. დეპუტატები დაინტერესდნენ ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ხარჯების მიზნობრიობით, ასევე კითხვები დაისვა ხელფასების ზრდის საჭიროებაზე კონკრეტული უწყების თანამშრომლებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე და ასევე ინფლაციაზე.