30 სექტემბერი 2026,   18:38
ვრცლად
2023 წლის ბიუჯეტის პროექტი - ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე იწყება 

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე იწყება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის 20%-ით ხელფასის მატება.

10 პროცენტით გაეზრდებათ ხელფასი საჯარო სექტორში დასაქმებულებს, იზრდება ხარჯები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებითაც, სადაც ძირითადად იგულისხმება პენსიების და დანამატების ზრდა, ასევე 6 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე.

საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. მთავრობა მომავალ წელს 24 მილიარდ 300 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

"რაც შეეხება უშუალოდ მომდევნო წლის ძირითად პრიორიტეტებს. წელს განსაკუთრებით მეტი აქცენტი კეთდება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც პოლიციელების ხელფასების და ჯარისკაცების ხელფასების ზრდა გვაქვს დაახლოებით 20%. რაც შეეხება სოციალური კუთხით, აქ მნიშვნელოვანი მიმართულებები გვაქვს. პენსიების ნაწილში 65 ლარით იზრდება 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, 35 -ით სხვა დანარჩენები კატეგორიებისთვის, არის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პენსიების ზრდა, არის მნიშვნელოვანი თანხები გათვალისწინებული ინფრასტრუქტურისთვის, განათლების დაფინანსება იზრდება, გათვალისწინებულია თანხები სკოლების რეაბილიტაციისთვის, დევნილთა სახლებისთვის და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის ელექტორალური კუთხით, ჩვენ ყოველ წელს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ძვრები როგორც სოციალური, ასევე სხვა მიმართულებებით და ყოველთვის ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი სარგებელი, მათ შორის ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები