ხერსონში უკრაინის დროშა ფრიალებს - ქალაქზე კონტროლს კიევი იბრუნებს. ოკუპანტებმა დნეპრის დასავლეთ სანაპირო უკვე დატოვეს, საპორტო ქალაქში კი 8 თვიანი პაუზის შემდეგ, კვლავ უკრაინის ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დაბრუნებამდე, იყო მძიმე ბრძოლები - უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების რამდენიმე თავდაცვითი პოზიცია გაანადგურეს.
რუსულ არმიასთან მძიმე შეტაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა. აგრესორმა ხერსონი დატოვა, თუმცა, ქვეყანა არა.
ოკუპანტები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ანადგურებენ.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისტორიული დღეა უკრაინისთვის, ვინაიდან ქვეყანა ხერსონს იბრუნებს:
"დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ქვეყნის სამხრეთს, ვიბრუნებთ ხერსონს. ხერსონელები ელოდებოდნენ ამას. მათ არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას. მაშინაც კი, როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გაწმენდილი მტრისგან - თავად ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკას და ოკუპანტების ნებისმიერ ნაკვალევს. ასე იყო ყველა სხვა ქალაქშიც, რომელიც ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს. ასე იქნება იმ ქალაქებშიც, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა ყოველთვის დაბრუნდება თავის ხალხთან. ჩვენ აღვადგენთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი კი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ დასახლებებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები უსაფრთხოების ზომებს იღებენ:
"ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ დასახლებებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები უსაფრთხოების ზომებს იღებენ. მტერი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით ხაზებს ამაგრებს და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს. ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინული ძალების დანაყოფების დაბომბვას საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას. იერიშები მიაქვთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე. არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ბელორუსის ტერიტორიაზე რუსულ-ბელორუსული ჯარების დაჯგუფების ფორმირება გრძელდება. აღსანიშნავია რომ ოკუპანტებს შორის შირდა დაპირისპირებაა, დაძაბული რჩება ურთიერთობა რუს სამხედროებსა და ჩეჩნეთიდან მობილიზებულ მებრძოლებს შორის. თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ტერიტორია ზაპორიჟიეში, სადაც ოკუპანტები იყვნენ კონცენტრირებული,"- აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.