01 ივლისი 2026,   10:23
ვრცლად
რუსეთი შეტევის ინტენსივობას ზრდის, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმით კი, კრემლი ენერგეტიკულ ტერორს განაგრძობს - ომის 255-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის ომის 255-ე დღეა. ქვეყანაში ისევ აფეთქებების ხმა ისმის. ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე რუსეთი შეტევის ინტენსივობას ზრდის. აგრესორის მიზანი თავდაცვითი ხაზის გარღვევაა, მთავარი სამიზნე კი დონეცკის ოლქია, სადაც რუსული არმია კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობს. სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმით კრემლი ენერგეტიკულ ტერორსაც განაგრძობს.

მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, თუმცა ქვეყანა უარესის მოლოდინშია.
პარალელურად, უკრაინა ცივილიზებული მსოფლიოსგან დახმარებას იღებს.

"ამ კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში - ბახმუტსა და სოლედარში. ჩვენ ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს. დონეცკის რეგიონის ამ და სხვა მიმართულებაზე რუსულმა არმიამ უკვე დაკარგა თავისი ხალხის იმდენი სიცოცხლე და იმდენი საბრძოლო მასალა, რამდენიც სავარაუდოდ არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად.

მაგრამ რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია. ახლაც კი მალავენ მობილიზაციას და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, თითქოს სამობილიზაციო დავალება შესრულებულია. სიმართლე ისაა, რომ რუსეთის რეგიონებში და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განაგრძობენ ადამიანების შეკრებას, რათა ისინი სასიკვდილოდ გაგზავნონ. როდესაც ვინმე მოლაპარაკებებზე ფიქრობს, ის არ ეძებს გზებს, რომ მოატყუოს გარშემომყოფები, რათა ხორცსაკეპ მანქანაში კიდევ ათეულობით ან ასობით ათასი ადამიანი გაგზავნოს - მობილიზებული თუ დაქირავებული ჯარისკაცების სახით.

ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, სამართლიანი მშვიდობისთვის, რომლის ფორმულა არაერთხელ გვითქვამს. მსოფლიომ იცის ჩვენი პოზიცია. ეს არის გაეროს წესდების პატივისცემა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ჩვენი ხალხის პატივისცემა და სათანადო პასუხისმგებლობა ტერორზე - ეს მოიცავს სასჯელს ყველა დამნაშავესთვის და რუსეთის მხრიდან სრულ კომპენსაციას ჩვენთვის მიყენებული ზიანისთვის," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჩავიდა. ჯეიკ სალივანმა იმ ახალ დახმარებაზე ისაუბრა, რომელზეც პენტაგონი უკვე მუშაობს. 

"უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემდგომი რაუნდი, რომელზეც პენტაგონი მუშაობს - საჰაერო თავდაცვას ეხება. ჩვენ ვაცნობიერებთ საჰაერო თავდაცვის მწვავე საჭიროებას უკრაინისთვის ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსული ძალები რაკეტებითა და ირანული დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. დღეს კიდევ ერთხელ ვიკითხე, თუ კიდევ რა არის საჭირო თქვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მოგაწოდოთ, ის რაც ამ ბრძოლაში გჭირდებათ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას დასახული მიზნის მიღწევაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევძლოთ საჭიროებების მიწოდება. თუ გადახედავთ რუსეთის პრეტენზიებსა და ქმედებებს, და ამავდროულად იმას, რომ მოახდინეს მეზობლის ტერიტორიის ანექსირება, ცხადი ხდება - რომ ეს მშვიდობის სასარგებლო ქმედებები არ არის, რაც არ უნდა თქვან მოლაპარაკებების თაობაზე. ჩვენი პერსპექტივიდან, საუბრები, რომელიც უნდა გვქონდეს საერთაშორისო საზოგადოებასთან უკრაინის მხარდასაჭერად, ეხება სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის პირობებს უკრაინისთვის, გაეროს წესდებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის," - აღნიშნავს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.




დღის ამბები