თითქმის ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებულ მზარდ ეკონომიკურ პარამეტრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხელისუფლების სწორ და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ პოლიტიკას უკავშირებს.
მიხეილ დუნდუას განცხადებით, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სტაბილური ფონი საქართველოში მნიშვნელოვან მასტიმულირებელ ფუნქციას ასრულებს, რაც სამომავლოდ დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს. გასულ ცხრა თვეში რეალურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრი, მათ შორის თითქმის სრულად არის აღდგენილი ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, 10 ათას დოლარიან ნიშნულს პირველად გადააჭარბებს.
"ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, რომელიც დაფიქსირდა, 9 თვის განმავლობაში 10%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ წელი დავასრულოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით.
მშვიდობაზე დამყარებული რეფორმებით, ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე და მხარდაჭერაზე დამყარებული რეფორმებით, საქართველო შეძლებს და გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა," - აცხადებს მიხეილ დუნდუა.