03 ივლისი 2026,   09:46
ვრცლად
კრიმინალური მობილიზაცია, რომელსაც ოკუპანტები ამჟამად ყირიმში და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ნაწილებში ახორციელებენ, არის დანაშაული ჩვენი ერისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე - ზელენსკი

უკრაინაში ომის 213-ე დღე ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა - ომში მყოფ ქვეყანაში რუსული ძალების უკანონო ქმედებები არ წყდება. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

უკრაინის ძალების მიერ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში, მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. სულ აღმოჩენილია ოკუპანტების მიერ მოკლულთა 436 ცხედარი, რომელთა შორისაც არიან ბავშვებიც - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ხარკოვის რეგიონში, იზიუმში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინაში საკუთარი თვალით ნახეს ის, რასაც რუსეთი ტოვებს: დანგრეული სახლები, წამების ფაქტები, მასობრივი სამარხები. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე მსოფლიო სრულ ინფორმაციას მიიღებს.

საერთაშორისო რეაგირება აბსოლუტურად სამართლიანია ფსევდო რეფერენდუმებზეც. კრიმინალური მობილიზაცია, რომელსაც ოკუპანტები ამჟამად ყირიმში და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ნაწილებში ახორციელებენ, არის დანაშაული ჩვენი ერისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე.

სექტემბერში 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გათავისუფლდა, რაც დაახლოებით 400 დასახლებულ პუნქტს მოიცავს. ეს შედეგი მიღწეულია. ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ასეთი დახმარება მეტი იყოს. მიეცით ჩვენს სპეცსამსახურებს ყველა ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ამ უკანონო რეფერენდუმებს ატარებს, ან ეხმარება. მოგვაწოდეთ ყველა ინფორმაცია რუსული მობილიზაციის შესახებ და ზოგადად რუსული არმიის შესახებ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებზე აქტიურობის დაბალი პროცენტის გამო, ე.წ. საარჩევნო კომისიების თანამშრომლები, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების თანხლებით, ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერებს უშუალოდ საცხოვრებელი სახლებიდან აგროვებენ.

​"ვითარება ვოლინისა და პოლისკის მიმართულებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სამხრეთ ბუზკას მიმართულებით, 35-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალა უკანონო "რეფერენდუმებს" ატარებს. ე.წ. არჩევნებში აქტიურობის დაბალი პროცენტის გამო ე.წ საარჩევნო კომისიების თანამშრომლები, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების თანხლებით, აგროვებენ ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერებს უშუალოდ საცხოვრებელი სახლებიდან. ზაპორიჟიესა და ჰერსონის რაიონებში საოკუპაციო ძალებმა დაიწყო წვევამდელთა მობილიზება.

რუსეთის სამხედროები განაგრძობენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს და ძარცვას. დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის შეტევები რამდენიმე ლოკაციაზე. თავდაცვის ძალების ავიაციამ 25 დარტყმა განახორციელა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ოკუპანტების ერთი ვერტმფრენი, ერთი თვითმფრინავი და რვა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს," - განაცხადა მან.

დღის ამბები