ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ, რომელიც ნიუ-იორეკში იმყოფება,"სიენენთან" დიდი ხნის წინ დაგეგმილი ინტერვიუ ჩაშალა, მიზეზად იქცა წამყვანის, ქრისტიან ამანპურის მიერ ინტერვიუს დროს ჰიჯაბზე უარი, იმის მიუხედავად, რომ მას თავსაფრის გაკეთება მოსთხოვეს.
ამანპური ირანის დედაქალაქში, თეირანში გაიზარდა და ფარსიზე თავისუფლად საუბრობს. ჟურნალისტის თქმით, ის ირანში მუშაობის დროს ხმარობს თავსაბურავს, ადგილობრივი წესების გათვალისწინებით, რადგან, მისი განმარტებით, "სხვანაირად ჟურნალისტად ვერ იმუშავებ". თუმცა, ამანპური ამბობს, რომ არ დაიბურავს თავს ინტერვიუს დროს ირანელ მაღალჩინოსანთან სხვა ქვეყანაში, სადაც ჰიჯაბი სავალდებულო არ არის.
"ირანშიც და ქვეყნის გარეთად, ირანის არცერთ პრეზიდენტს არ მოუთხოვია ჩემთვის თავსაბურავი ინტერვიუს დროს, მე ჩაწერილი მაქვს ინტერვიუ ყველა პრეზიდენტთან 1995 წლის შემდეგ," - განაცხადა ამანპურმა გადაცემაში New Day.
ირანის კანონების მიხედვით, ყველა ქალი ვალდებულია დაფარული ჰქონდეს თმა, ამასთან, ეცვას განიერი სამოსი. წესი ძალაში 1979 წელს შევიდა, ისლამური რევოლუციის შემდეგ და სავალდებულოა ყველა ქალისთვის, მათ შორის, ტურისტებისთვის, ვიზიტად მყოფი პოლიტიკური პირებისთვისა და ჟურნალისტებისთვის.