უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას და ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე აქტიურ კონტრშეტევებს განაგრძობს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები ხარკივისა და ხერსონის ოლქიდან გარბიან.
გვიან ღამით კი აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში. დნიპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკის რაიონში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1. ოკუპანტებმა რაკეტებით იერიში მიიტანეს რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. შედეგად რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდა.
დაიბომბა ხარკივის ნოვო-ბავარსკის რაიონის საცხოვრებელი ტერიტორია. გვიან ღამით იერიში მიიტანეს ხარკივის უმსხვილეს ელექტროსადგურსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ქალაქთან ახლოს.
რუსებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის ორი დასახლების მიმართულებითაც.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ თავდაცვის ხაზებზე კახოვკაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.