გამთენიისას რუსმა სამხედროებმა ხარკiვის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმა განხორციელდა სლავიანსკზე- სახლის ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იერიში განხორციელდა ნიკოპოლზე. ოკუპირებულ ენერგოდარში, რომლის სიახლოვესაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ძლიერი აფეთქების გამო წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს.
ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და განაცხადა, რომ თუ რუსეთმა მსოფლიო რადიაციულ კატასტროფამდე მიიყვანა, მაშინ მსოფლიოსაც უნდა ჰქონდეს ამის წინააღმდეგ გარკვეული ბერკეტები.
"აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ევროპული ტერიტორია ტურიზმის ან საყიდლებისთვის გამოიყენონ მათ, ვინც სახლში, რუსეთში არამხოლოდ მხარს უჭერს ევროპის განხეთქილებას და დაცინვას, არამედ მუშაობს ამაზე. სავიზო პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხიც არის, რადგან რუსეთმა ტურისტების საფარქვეშ არაერთხელ გაგზავნა მკვლელები ევროპაში და ევროპა არ არის მკვლელების და მათი მხარდამჭერების სასეირნო ადგილი.სწორედ რუსეთის სამხედრო ყოფნამ მიიყვანა ზაპოროჟიეს სადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე.
მიმაჩნია, რომ მსოფლიო არა მხოლოდ იმსახურებს, არამედ მას სჭირდება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა, რუსეთს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და უკრაინისთვის სრული კონტროლის დაბრუნება აიძულონ. რუსეთმა თუ მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას მიიყვანა, მაშინ მსოფლიოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ბერკეტები, რათა რუსეთი იმ პირობებში მოაქციოს, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო იძულებული იქნება, შეაჩეროს ტერორი,"-აცხადებს ზელენსკი.